კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები: რა განსხვავებაა?
|
ანა ნაჭყებია - მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მ/შ

თქვენი დაგროვებითი პენსია სამ პორტფელშია განთავსებული. კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები ერთმანეთისგან აქტივის კლასების შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსხვავება განსაზღვრავს მათი ღირებულების მოსალოდნელ მერყეობას, პოტენციურ გრძელვადიან ამონაგებსა და იმას, თუ რომელი საინვესტიციო ჰორიზონტისთვისაა თითოეული მეტად შესაფერისი.

პორტფელებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების წილია. რაც მეტია აქციების წილი, მით მეტად შეიძლება შეიცვალოს თქვენი მოსალოდნელი ბალანსი, თუმცა ამასთანავე, პორტფელს გრძელვადიანი ზრდის უფრო მაღალი პოტენციალიც უჩნდება. აქციების ნაკლები წილი კი, როგორც წესი, ბალანსის ნაკლებ ცვლილებას და ზრდის შედარებით დაბალ პოტენციალს გულისხმობს.

თქვენთვის უფრო შესაფერისი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო გაქვთ დარჩენილი პენსიაზე გასვლამდე (საინვესტიციო ჰორიზონტი) და რამდენად მისაღებია თქვენთვის პერიოდული მერყეობის რისკი.

რას ნიშნავს „რისკი?“

რისკი ნიშნავს, რომ ინვესტიციის საბოლოო შედეგი წინასწარ ცნობილი არ არის და პორტფელის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ამასთან, უნდა გვითვალისწინოთ, რომ პორტფელის ღირებულება, რომელშიც აქციების წილი მეტია, შეიძლება უფრო მკვეთრად შეიცვალოს.

საერთაშორისო აქციების წილი სამ პორტფელში

კონსერვატიული

16% საერთაშორისო აქციები
შედარებით მცირე მოსალოდნელი მერყეობა და გრძელვადიანი ზრდის შედარებით
დაბალი პოტენციალი
დაბალანსებული

35% საერთაშორისო აქციები
ზომიერი მოსალოდნელი მერყეობა და შესაბამისი პოტენციური გრძელვადიანი ამონაგები.
დინამიკური

55% საერთაშორისო აქციები
ღირებულების უფრო მკვეთრი მოსალოდნელი მერყეობა და შედარებით მაღალი პოტენციური გრძელვადიანი ამონაგები

შენიშვნა: მოცემული პროცენტები ასახავს საერთაშორისო აქციების მიზნობრივ წილებს სხვადასხვა პორტფელში, საქართველოს საპენსიო ფონდის 2026 წლის 1 ივლისს დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. ფაქტობრივი წილები შეიძლება განსხვავდებოდეს მიზნობრივი მაჩვენებლებისგან, თუმცა დოკუმენტით განსაზღვრულ დასაშვებ დიაპაზონებში უნდა რჩებოდეს.


რატომ არის საპენსიო ასაკამდე არსებული დროის შუალედი ამდენად მნიშვნელოვანი?

თუ საპენსიო ასაკამდე ხანგრძლივი პერიოდი გაქვთ დარჩენილი, ბაზრის ვარდნისა და შემდგომი აღდგენის პერიოდების გასავლელად გაცილებით მეტი დრო გაქვთ ვიდრე ასაკიან ადამიანს. მეორეს მხრივ, თუ პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე წელია დარჩენილი, მერყევი პერიოდების გადასატანად დრო ნაკლებია. შესაბამისად, პორტფელის არჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ზრდის პოტენციალი, არამედ ისიც, თუ რამდენი დრო გაქვთ თქვენს ბალანსზე არსებული საპენსიო დანაზოგის გამოყენებამდე.

ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებთ ასეთ ცვლილებებზე. თუ ბალანსის შემცირება დიდ დისკომფორტს გიქმნით, უფრო დიდი მერყეობის მქონე პორტფელი შეიძლება თქვენთვის ნაკლებად შესაფერისი იყოს, მაშინაც კი, თუ პენსიამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვთ დარჩენილი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პორტფელის არჩევისას?

1 პორტფელის არჩევა მხოლოდ გასული წლის შედეგის მიხედვით
წარსულში მიღებული მაღალი ამონაგები არ იძლევა გარანტიას, რომ პორტფელი მომავალშიც ისეთივე ან სხვა პორტფელებზე უკეთეს შედეგს მიაღწევს
2 მოლოდინი, რომ კონსერვატიული პორტფელი არასდროს იკლებს
ყველა საინვესტიციო პორტფელს გარკვეული რისკი ახლავს. განსხვავება სხვა პორტფელებთან შედარებით რისკის მასშტაბი და მისი წყაროა


დაიმახსოვრეთ
პორტფელი, რომელსაც გრძელვადიანი ზრდის ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს, ავტომატურად საუკეთესო არჩევანი არ არის. მთავარია, რამდენად შეესაბამება ბალანსის შესაძლო ცვლილებები თქვენთვის მისაღებ რისკის დონეს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს
რამდენი წელი დარჩა, სანამ ამ თანხას გამოვიყენებ? რას გავაკეთებდი, თუ ჩემი ბალანსი რამდენიმე თვის განმავლობაში შემცირდებოდა? შემდეგ თქვენი პასუხები ზემოთ მოცემულ პორტფელების აღწერებს შეადარეთ და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღეთ
ასევე იხილეთ: